Mate (infusión) ( მატე )

მატე (სიტყვა ნასესხებია სამხრეთ ამერიკის ინდიელების ერთ-ერთი ტომის — კეჩუას ენიდან) — მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები. შეიცავს 1,8% კოფეინს, 0,05% თეობრომინს, 9-12% მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, A, B, C ვიტამინებს, ლიმონის მჟავასა და სხვა ნივთიერებებს. სამხრეთ ამერიკაში მისგან აყენებენ კოფეინით მდიდარ ჩაის მსგავს სასმელს. განსაკუთრებით პოპულარულია არგენტინაში, სადაც ის კანონით განსაზღვრულია როგორც "ეროვნული სასმელი". მატეს ეძახიან იმ ჭურჭელსაც (აკეთებენ გოგრისაგან), რომლიდანაც სვამენ ჩაის და თვითონ ხესაც. ის ასევე გამოიყენება დრუზების მიერ სირიაში.