Limoncello ( ლიმონჩელო )

ლიმონჩელო (იტალ. Limoncello) იტალიური ლიმონის ლიქიორია, რომელიც ძირითადად სამხრეთ იტალიაში იწარმოება, განსაკუთრებით ნეაპოლის ყურეს ირგვლივ, სორენტინის ნახევარკუნძულზე, ამალფის სანაპიროზე, ასევე პროჩიდას, ისკიასა და კაპრის კუნძილებზე. მას ასევე ამზადებენ კალაბრიაში, აბრუცოში, ბაზილიკატაში, აპულიაში, სიცილიაში, სარდინიაში, ლიგურიაში, საფრანგეთის პატარა ქალაქ მენტონსა და მალტის კუნძულ გოზოზე. ჩრდილოეთ იტალიაში სასმელს ხშირად ლიმონჩინოს უწოდებენ. ის პოპულარული სახლში მომზადებული სასმელია, რომლის უამრავი სხვადასხვა რეცეპტია ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ლიმონჩელოს წარმოშობის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით კამათი მიმდინარეობს, სასმელი სულ ცოტა 100 წლის მაინც არის.

ლიმონჩელოს ოდნავ მღვრიე შესახედაობა აქვს, რაც სასმელში მცირე რაოდენობით (დაახლ. 100 ნანომეტრი) ე.წ "სასიცოცხლო ზეთების" იგივე ეთერზეთების დამატებითაა გამოწვეული. ჰიდროფობური ეთერზეთების სპონტანური ემულგირება წყლისა და ალკოჰოლის ნარევში ოუზოს ეფექტის სახელითაა ცნობილი.